გერმანიის იუსტიციის სამინისტრო - რუსეთს არ შეაქვს არსებითი წვლილი ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში
რუსეთს არ შეაქვს არსებითი წვლილი ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში, – როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრის, მემარჯვენე პარტიის დეპუტატის სევიმ დაგდელენის კითხვის პასუხად გაავრცელა.
გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გერმანიის უწყებები და სამთავრობო ორგანოები 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე სულ მცირე 12-ჯერ დაეკონტაქტნენ რუსეთის ორგანოებს აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციის მიღების მიზნით. ამას გარდა, 2019 წლის დეკემბერში გერმანიამ რუსეთს სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ორჯერ მიმართა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ბოლო პასუხი 2020 წლის 2 ივნისს მიიღეს, თუმცა მას გამოძიებაში არსებითი წვლილი არ შეუტანია.
წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.