გერმანიის იუსტიციის მინისტრი - მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროცესი ძალიან კარგ დასასრულამდე მიგვიყვანს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდი ღირსების მქონე ადამიანია, ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრაღაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ბუშმანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.
მისი თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში.
„სასიამოვნო იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. ის დიდი ღირსების მქონე ადამიანია. ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში და ძალზედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პროცესი ძალიან კარგ დასასრულამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მარკო ბუშმანმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. პარტნიორობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში; გერმანელი ექსპერტები კი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია.