გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრი ტომას შეფერი გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, მან სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

გერმანული მედია წერს, რომ შეფერის ცხედარი ვიესბადენის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. მრავლობითი დაზიანების გამო, თავდაპირველად ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა გამომძიებლებმა მოგვიანებით თქვეს, რომ გარდაცვლილი ნამდვილად ტომას შეფერი იყო და მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გერმანიის პოლიცია დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.

გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ ალემაინე ცაიტუნგი“ წერს, რომ პოლიტიკოსმა თვითმკვლელობამდე, სავარაუდოდ, ჩანაწერი დატოვა.

ტომას შეფერი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატების წევრი იყო და ჰესენის ფედერალური მიწის პოლიტიკაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული. ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი, თითქმის 10 წლის განმავლობაში ასრულებდა.

გერმანიის ფინანსური დედაქალაქი, ფრანკფურტი სწორედ ჰესენის ფედერალურ მიწაზე მდებარეობს. გერმანიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყოფილ მინისტრს „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო, სტრესი ჰქონდა. „მისი მთავარი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ მოლოდინებთან გამკლავებას, ფინანსური დახმარების კუთხით. ამ ფაქტმა ჩვენი შოკირება გამოიწვია“, – განაცხადა ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრმა, ვოლკერ ბუფირმა.