გერმანიის ფინანსთა მინისტრი - ევროპაში ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ დონალდ ტრამპზე, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მისი შესაძლო მეორე ვადისთვის ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით
ევროპა ზედმეტად ბევრს საუბრობს დონალდ ტრამპზე იმის ნაცვლად, რომ მოემზადოს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი შესაძლო მეორე ვადისთვის, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა დავოსში გამართული დისკუსიისას განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ევროპაში ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ დონალდ ტრამპზე და ჩვენ უნდა მოვემზადოთ დონალდ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით. ჩვენი საშინაო სამუშაოს შესრულება არის საუკეთესო მომზადება დონალდ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის. ეს მოიცავს ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს. ეკონომიკურ, ნატო-ს ფარგლებში ტვირთის თანაბარი განაწილების თვალსაზრისით მიმზიდველ თანასწორ პარტნიორად ყოფნა არის საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.
კრისტიან ლინდნერმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსის სურვილი, მიბაძოს აშშ-ს ყველა სფეროს სუბსიდირებაში.
„შეშფოთებული ვარ იმით, რომ ევროკავშირში ზოგიერთი პოლიტიკოსი მიდრეკილია მიბაძოს აშშ-ს, თითქმის ყველაფრის სუბსიდირებაში. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სუბსიდირების ზრდა, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვერ მივცემთ. მაინტერესებს, რამდენად მდგრადია ასეთი მაღალი სუბსიდიების გადახდა“, – აღნიშნა მინისტრმა.