გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა „ამ ათწლეულის ბოლოს შეეძლება“
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალი მიიჩნევს, რომ რუსეთს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში შეეძლება.
როგორც ბრუნო კალი გერმანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, ის რუსეთის მხრიდან მომდინარე პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ხედავს.
„ამ ათწლეულის ბოლომდე რუსეთის ჯარებს ნატო-ზე თავდასხმის უნარი ექნებათ. კრემლი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მტრად განიხილავს. ჩვენ პირდაპირ კონფლიქტში ვართ რუსეთთან“, – განაცხადა კალმა ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის მოსმენაზე.
მისივე თქით, რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე მხოლოდ უკრაინა არაა და პუტინი ცდილობს, ახალი მსოფლიო წესრიგი შექმნას.
მანამდე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის საქმიანობის გამო გერმანიაში საფრთხეები გაზრდილია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯაშუშობის საფრთხის გამო გერმანიის შსს-მ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ძალოვანი უწყების თანამშრომლების შემოწმება გაძლიერდება.