გერმანიის ევროპულ საკითხთა მინისტრი - ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში, საქართველოს ადგილი მკაფიოდ არის ევროპულ ოჯახში
გერმანიის ევროპულ საკითხთა მინისტრის, ანა ლუჰრმანის განცხადებით, საქართველოს ადგილი მკაფიოდ არის ევროპულ ოჯახში.
როგორც ლუჰრმანმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, „საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან რეფორმების შესრულებას ითხოვენ არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა“.
„მე შევხვდი ბევრ ერთგულ ქართველს, რომლებმაც თქვეს, რომ ძალიან უნდათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, რაც აქამდე მოვისმინეთ კომისიიდან, ხელისუფლება ამ მომენტში არ ამართლებს ამ მოლოდინს. რეფორმები ნამდვილად არ არის იქ, სადაც უნდა იყოს და ძალიან მკაფიოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან ამ რეფორმების შესრულებას ითხოვენ არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად ეფუძნება კანონის უზენაესობას. რაც მოვისმინეთ კომისიისგან და გავიგებთ კიდევ უფრო მეტ დეტალს დღეს, არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმებს, ბევრი საკითხია. ასევე, იყო დისკუსია იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას და უფრო მეტ დეტალს მოგვიანებით გავიგებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში“, – განაცხადა მინისტრმა.