გერმანიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ტალინში შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს
გერმანიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ტალინში შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს

გერმანიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ესტონეთში, ტალინში შეხვედრის დროს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს.

როგორც ესტონური მედია წერს, მხარეები თანხმდებიან, რომ უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვის ძალების გაუმჯობესება სჭირდება.

ამასთან, ოთხივე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების იდეას.

„ვილნიუსის სამიტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო-ს თავდაცვის გეგმის მიღება, არამედ მათი რეალიზაციისთვის ადეკვატური რესურსების გამოყოფა. ჩვენ ვილნიუსში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები რეგიონში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეფექტური მოგერიება, რათა აგრესორმა არც იფიქროს ნატო-ს შესაძლებლობების და იმ გადაწყვეტილების გამოცდაზე, რაც მისი ყოველი სანტიმეტრის დაცვას გულისხმობს“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რაც უფრო სწრაფად მიხვდება პუტინი, რომ ვერ მიაღწევს მიზნებს, მით უფრო მალე დასრულდება ომი.

„ჩვენი ძალა ჩვენი ერთიანობაა, მაგრამ ამ ერთიანობის დარღვევა კრემლის გამარჯვების სტრატეგიაა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ისინი ცდებიან. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს პუტინის მხრიდან მიწის ძარცვას. სწორედ ამიტომ ნომერ პირველი აქცენტი არის იარაღი, საბრძოლო მასალა და წვრთნები. ეს ყველაფერი იმ მასშტაბით უნდა გაგრძელდეს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

„რუსეთი თუ ფიქრობს, რომ მას შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს უკრაინის მიწის ძარცვით, ის ვერ მიაღწევს წარმატებას ამ იდეითა და მცდელობით. სწორედ ამიტომ დავუჭერთ მხარს უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები, ეს არის მშვიდობის საფუძველი“, – განაცხადა შოლცმა ტალინში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.