გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრის მუშაობას გაეცნო
გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ეწვია და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებსაც ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელი ფრიდრიკე როხვანსკი და სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ. ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა სკოლაში მოქმედი პროგრამების (სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა), დისტანციური სწავლების პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და სტუმრებს სკოლის მიერ შექმნილი დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოები, აუდიოდისკები „ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ და სხვადასხვა
პუბლიკაციები გააცნო.
„დღეს მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში გერმანიის ფედერაციის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სკოლის მუშაობა და ის პროგრამები გავაცანით, რომლებსაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ვთავაზობთ. კერძოდ, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერ და საჯარო მოხელეებისთვის არსებულ სატრენინგო პროგრამებს. მნიშვნელოვანია, რომ ჟვანიას სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა უნარებისა და ცოდნის განვითარებას იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები წარმატებულად განხორციელდეს“, – განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლის საერთაშორისო პარტნიორობაზე და გერმანულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე.