გერმანიის დედაქალაქში ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა
გერმანიის დედაქალაქში ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა. როგორც „ბიბისი“ წერს, ბერლინში გამართულ დემონსტრაციაში 80 ათასამდე ირანელი და მათი მხარდამჭერი მონაწილეობდა. ეს ირანული დიასპორის მიერ გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო.
„ქალები, სიცოცხლე და თავისუფლება“, – სკანდირებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი დემონსტრანტები.
საპროტესტო აქცია გაიმართა მსოფლიოს სხვა ქვეყნების დედაქალაქებშიც, მათ შორის ვაშინგტონში.
დემონსტრანტები ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვენ.
უკვე მეექვსე კვირაა, რაც ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავების დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მხარდასაჭერად საპროტესტო გამოსვლები იმართება. უფლებადამცველების ცნობით, უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების დარბევისას გარდაიცვალა 244 დემონსტრანტი, მათ შორის 32 არასრულწლოვანი. დაკავებულია 12 500-ზე მეტი ადამიანი.
22 წლის მაჰსა ამინი 13 სექტემბერს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააკავეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი დაკავებისას სამართალდამცველებმა სცემეს.