გერმანიის და ისრაელის მთავრობებმა ებრაელების გადარჩენისთვის გერმანელ დიპლომატებს გამოფენა მიუძღვნეს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ზიგმარ გაბრიელმა და ისრაელის ელჩმა ჯერემი ისსაკაროვმა გამოფენა გახსნეს. გამოფენა იმ გერმანელ დიპლომატებს ეძღვნებათ, რომელთაც ჰოლოკოსტის დროს ებრაელები ნაცისტებისგან გადაარჩინეს.
გამოფენაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ ახსენა გეორგ ფერდინანდ დუკვიცი, ნაცისტური გერმანიის სამხედრო ატაშე დანიაში. ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ სწორედ დუკვიცის მსგავს ადამიანებზე დგას მსოფლიო მშვიდობა და ადამიანის უფლებები.
გეორგ ფერდინანდ დუკვიცმა 1942 წელს, როდესაც მას ადოლფ ჰიტლერმა დანიაში მცხოვრები ებრაელების დეპორტაცია დაავალა, გერმანელმა დიპლომატმა მოახერხა, ათასობით ებრაელის შვედეთში გადაყვანა იმ მიზნით, რომ ისინი ჰოლოკოსტისგან გადაერჩინა. დუკვიცი 1972 წელს გარდაიცვალა. მას დღემდე გმირად მიიჩნევენ, როგორც ევროპაში, ასევე ისრაელში.
“ჩვენ აგრესორების ან მსხვერპლად ქცეული ადამიანების შთამომავლები ვართ. გერმანიაში ყოველთვის გვახსოვს და გვემახსოვრება ეს ბოროტება. ჩვენ ვდებთ მთელ ძალისხმევას, რომ ანტისემიტიზმი აღარასოდეს დაბრუნდეს. ცხადია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ანტისემიტიზმის აღმოსაფხვრელად. გერმანიასა და ევროპაში ანტისემიტიზმის, ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის ნიშნები სამწუხაროდ, დღესაც იკვეთება, თუმცა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა წინ აღვუდგეთ ამ სახიფათო პროცესს”, – განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.
მისივე თქმით, გერმანიის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ლაქაა, როცა პოლიცია სინაგოგებიდან ებრაელებს აგდებდა, აპატიმრებდა და საკონცენტრაციო ბანაკებში მიჰყავდა.
ისრაელის ელჩმა გერმანიაში, ჯერემი ისსაკაროვმა აღნიშნა, რომ დღეს ისრაელსა და გერმანიას შორის მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობებია.
„მინდა, მისი გარდაცვალებიდან ამდენი წლის შემდეგ მადლობა გადავუხადო გერმანელ დიპლომატს, რომელმაც დანიაში უამრავი ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინა და ნაცისტებისგან დამალა. ასეთ ადამიანებს აქვთ უნარი, შეცვალონ ეპოქა, შეცვალონ მსოფლიო”, – განაცხადა ისსაკაროვმა.