გერმანიის ბუნდესტაგში პოლიტიკური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის პროცედურის ინიცირებას ითხოვენ
გერმანიის ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციის რამდენიმე დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის პროცედურის დაწყებას ცდილობს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„დღეიდან ვიწვევთ ყველა კოლეგას დემოკრატიული ფრაქციებიდან, შემოუერთდნენ ჩვენს ინიციატივას“, – ნათქვამია ამ პროცედურის ინიცირების ოფიციალურ წინადადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მედიის ცნობით, დოკუმენტი შეადგინეს პარლამენტარებმა კარმინ ვეგემ (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან), მარკო ვანდერვიცმა (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან), ტილ შტეფენმა (მწვანეებიდან), მარტინა რენერმა (მემარცხენე პარტიიდან) და შტეფან ზაიდლერმა (სამხრეთ შლეზვიგის ამომრჩეველთა ასოციაციიდან). ისინი დაჟინებით მოითხოვენ, რომ პოლიტიკური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში იყოს განხილული.
დეპუტატების თქმით, კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემიზმში ეჭვმიტანილად ცნო.
„გერმანიაში დემოკრატია ერთხელ უკვე გაუქმდა დემოკრატიული საშუალებებით და ჩვენი კონტინენტი ნანგრევებში ჩაეფლო“, – განაცხადა მიმართვის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, კარმენ ვეგემ.
„დოიჩე ველეს“ მიხედვით, გერმანიაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პროცედურის ინიცირება შეუძლია ბუნდესტაგს, ფედერალური მიწების წარმომადგენლობას – ბუნდესრატს და ფედერალურ მთავრობას. პროცედურის პარლამენტის მიერ წამოწყებისთვის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. გერმანული მედია ვარაუდობს, რომ პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ ოფიციალური შუამდგომლობა ბუნდესტაგში ნოემბრის შუა რიცხვებზე ადრე არ შევა.
ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორის, მარკო ვანდერვიცის თქმით, წინადადება არ შევა ბუნდესტაგში განსახილველად, ვიდრე მას არ ექნება საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსი.
„ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში მაინც შევაგროვებთ მხარდამჭერთა ხელმოწერებს და შემდეგ შევიტანთ მას განსახილველად“, – აღნიშნა ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, მარკო ვანდერვიცმა.