გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მოამზადა, რომლის სახელწოდებაა „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“. რეზოლუცია მომზადებულია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის, კავშირი 90/მწვანეების და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ.
რეზოლუციის პროექტის არაოფიციალური თარგმანი ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მივმართავთ ბუნდესტაგს, მიიღოს რეზოლუცია. გერმანიის ბუნდესტაგი ადგენს: პირველ რიგში, საქართველოს გაბედული სამოქალაქო საზოგადოების და მისი დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბრძოლის დამსახურება არის ის, რომ საქართველო 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ რეგიონული მასშტაბით პროგრესულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპის კავშირს დაუახლოვდა. ამასთანავე, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ისევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ევროკავშირთან დაახლოების გზაზე წინსვლაც იყო და უკუსვლაც, თუმცა, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საქართველოს მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს“, – აღნიშნული რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის თანახმად, „კანონით ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ შემდეგი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ვერ და არ იქნება“.
„ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აისახა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომელიც ევროპის კავშირში შესვლას სახელმწიფო მიზნად აცხადებს. საქართველოს ამ მისწრაფებას ევროპის კავშირმა ანგარიში გაუწია: საქართველო არის აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, მან ევროკავშირთან გააფორმა შეთანხმება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 2016 წლის პირველი ივლისიდან შევიდა ძალაში. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს შეიტანა განაცხადი ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე. ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ პირობით მოხდა, რომ საქართველო განახორციელებდა პრიორიტეტულ ღონისძიებებს, მათ შორის სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას და ანტიკორუფციული უწყებების გაძლიერებას იქამდე, ვიდრე ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ამით ევროპის კავშირმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაათიოდე წლის შემდეგ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზა გაუხსნა. ახლა მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკაში გადაწყვეტილებებს იღებს, უნდა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რათა შეასრულონ მოსახლეობის სურვილი და კონსტიტუციაში დასახული მიზანი და ევროპული გზა ბოლომდე გაიარონ“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სოლიდარობის გამოხატულებაც იყო საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელიც, უახლესი ისტორიის მანძილზე, არაერთხელ გამოსულა თავისი ქვეყნის სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად.
„საქართველო იყო და დღემდე არის იმპერიალისტური, რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსული ჯარი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დე ფაქტო აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დიპლომატიური გზით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია 2008 წლის 15 აგვისტოს ექვსპუნქტიანი გეგმის ვალდებულებები, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობდა. გერმანიის ბუნდესტაგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის დანაშაულებრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ საქართველოშიც აღვივებს რუსეთის მიერ საქართველოში კიდევ ერთი ომის დაწყების შიშს. საქართველოში ადამიანები დიდი სოლიდარობით და თანაგრძნობით ადევნებენ თვალყურს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება წარსულში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის დეკლარირებული მიზანი იყო. იმავდროულად, წლების განმავლობაში იზრდებოდა პოლარიზაცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილს შორის. „ქართული ოცნების“ სულ უფრო ავტორიტარული და საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართული მმართველობის სტილი არის პოლიტიკური დაპირისპირების გამყარების მიზეზი 2024წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. პარტიის დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული“, – აღნიშნულია ბუნდესტაგის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგს უხეშ შეცდომად მიაჩნია, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღება.
„ეს მოხდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის გაზაფხულზე საწინააღმდეგო დაპირების, მოსახლეობის მასიური და მრავალთვიანი პროტესტების, ქვეყნის პრეზიდენტის ვეტოს, ევროპის კავშირის მკაფიო პოზიციის და კანონის გაწვევის შესახებ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაფიო რეკომენდაციის მიუხედავად. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის კონკრეტულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას (მე-9 ნაბიჯი) და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (1-ლი ნაბიჯი). ეს კანონი თავისი სულისკვეთებით შეესაბამება რუსულ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“. ამით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს. საქართველოს მოსახლეობა თაობათაშორისი, მრავალკვირიანი, ერთსულოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციებით მოითხოვდა კანონის გაწვევას. ბუნდესტაგი სოლიდარობას და აღიარებას უცხადებს მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეებს. თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირთათვის თავისუფალი გარემოს შექმნა გადამწყვეტია გამართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული კურსისათვის. გამჭვირვალეობის მოთხოვნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის და მათი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის საბაბად. გერმანის ბუნდესტაგი მოელის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდება და სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება დაშინების, მუქარის და ძალადობის შემთხვევები სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, LGBTQIA+ თემის, ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია სტაბილური დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის უსათუო, ძირეული რეფორმების კრიტიკული გაშუქებისათვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, საქართველოს კულტურის დამოუკიდებელი სექტორი დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძალაა და ღია, დემოკრატიული საზოგადოების ცენტრალური შემადგენელი ნაწილია. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ კულტურის მოღვაწეთა უფლებების დაცული, ხოლო ხელოვნების თავისუფლება და დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ამასვე განეკუთვნება სახელმწიფო კულტურული დაწესებულებების დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა.
„გარდა ამისა, გერმანიის ბუნდესტაგი გმობს ძალადობას და დაშინების ატმოსფეროს თბილისის ქუჩებში. დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი მკაფიო არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ, უნდა ჰქონდეთ შეკრებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებით მშვიდობიანად სარგებლობის შესაძლებლობა. მიუღებელია გამიზნული მუქარა, დაშინების მიზნით ძალადობა, ისევე, როგორც საჯარო და კერძო სივრცეში ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანიები სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული პირების, მედიების, ოპოზიციის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
ზეწოლა სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, არ გამოვიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მას საჯაროდ დაუჭირონ მხარი, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარითაც კი, ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომლებზეც საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელისმომწერმა და ევროსაბჭოს და ევროპაში მშვიდობის, თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ ვალდებულება აიღო. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით ცდილობს შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. პოლარიზაციის გადალახვის არანაირი მცდელობა არ ყოფილა“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ“.
„დამატებით, „ქართული ოცნება“ აღივებს შიშს სექსუალური უმცირესობების მიმართ და საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს დეზინფორმაციას და დევნას LGBTQIA+-ს წინააღმდეგ. გერმანიის ბუნდესტაგი დაუშვებლად მიიჩნევს LGBTQIA+ ადამიანების პოლიტიკური ანგარიშით ნაკარნახევ სტიგმატიზაციას და მათი უფლებების ბოლოდროინდელ მასიურ შეზღუდვას. ეს საქართველოს საზოგადოების დამატებით გახლეჩას უწყობს ხელს. საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ. შეტევები დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის უარყოფითი გავლენა მათ შრომისუნარიანობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, ეჭვქვეშ აყენებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას“, – აღნიშნულია გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.
რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შინაარსებზე პატივისცემით და მშვიდობიანად კონცენტრაციის საშუალებას. საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესებში, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები.
„ამის ფონზე, გერმანიის ბუნდესტაგი მიესალმება საქართველოს მიერ „ოდირის“ მიწვევას საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებულია, ზედმიწევნით დააკვირდეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პრინციპების დაცვას. გერმანიის ბუნდესტაგი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს ევროპული კავშირის 2024 წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებების სრულყოფილ განხორციელებას;
„ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, ვიდრე ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. კანონის გაწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამაც მოითხოვა;
ევროპული საბჭოს 2024 წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებების სულისკვეთებით ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეუთო-ს (ODIHR-ის) და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერის გზით და საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების ფორმირება საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობაზეც გახადოს დამოკიდებული;
ეუთო-ს და ევროკავშირის ანგარიშების საფუძველზე არჩევნების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, აყენებენ თუ არა ეჭვქვეშ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილი არადემოკრატიული პრაქტიკები, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად, არჩევნების ლეგიტიმურობას;
მოუწოდოს საქართველოს ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს მშვიდობიან პროტესტებში მონაწილეთა პოლიციის და პროკურატურის მიერ უკანონო სამართლებრივი დევნა;
ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს, რომ საქართველოს ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანების პროცესში წინაპირობად ასევე იქცეს იმ კანონების გაწვევა, რომლებიც LGBTQIA+ პირების უფლებების მასობრივად ზღუდავენ, ისევე, როგორც დაბეჯითებით მოუწოდოს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას, გაიწვიოს ეს კანონები, რადგან დაგეგმილი ცვლილებები კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში არა მარტო თავდასხმაა LGBTQIA+ თემზე, არამედ ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზეც;
ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას მოეწოდოს, გაიწვიოს 2024 წლის მაისში მიღებული „კანონი ოფშორების შესახებ“, რომელიც ეკონომიკურ გამჭვირვალობას და კორუფციასთან ბრძოლას ასუსტებს და სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა შეიძლება შექმნას;
მოუწოდოს რუსეთს, უპირობოდ სცეს პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გადაჭრით დაგმოს რუსეთის ყოველგვარი ჩარევა რუსეთის ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით დე ფაქტო კონტროლირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები;
ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიაში უკუსვლისა, რადგან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას და ამით პროევროპულ ძალებსაც შეეხებოდა;
არაბიუროკრატიულად დაუჭიროს მხარი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებულ აქტივისტებს და LGBTQIA+პირებს და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მათ დასაცავად მიმართული ზომების ადაპტაცია; ზედმიწევნით ადევნოს თვალყური სიტუაციას საქართველოში, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს; უფრო ინტენსიური გახადოს კულტურული გაცვლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყურადღება მიაქციოს ფედერალური სახსრების საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის გაცემისას იმას, რომ ისინი არ იქნას გამოყენებული ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებისაგან დასაშორებლად“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის თარგმანიც ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.