გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ
გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერის თქმით, გერმანიისთვის ძალზედ საინტერესოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის მიმართულებები.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დოქტორ რატი ბრეგაძეს, შორის. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი პოლიტიკა, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გავეცანით იუსტიციის სამინისტროს წარმატებული მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის ხელშესახები მაგალითია ციფრული სერვისები. ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, ამას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.