გერმანიის ბრანდენბურგის მიწაზე სამხარეო პარლამენტის არჩევნები იმართება
გერმანიის ბრანდენბურგის მიწაზე სამხარეო პარლამენტის არჩევნები იმართება. გერმანული მედიის ცნობით, ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 2.1 მილიონ ადამიანს აქვს.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, საარჩევნო რბოლის ლიდერები არიან სოციალ-დემოკრატიული პარტია და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც უკვე მიაღწია წარმატებას თიურინგიაში გამართულ სამხარეო არჩევნებში, აქვს შანსი მეორე რეგიონშიც მოიპოვოს გამარჯვება.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბრანდენბურგის მხარეში ელექტორატის დაახლოებით 28%-ი უჭერს მხარს, ხოლო ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ – 27%. მესამე ადგილზეა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი დაახლოებით 14-15%-ით. წლის დასაწყისში შექმნილ „სარა ვაგენკნეხტის კავშირს“ ასევე შეუძლია მოიპოვოს ხმების 13-14%. დანარჩენი პარტიები, მათ შორის გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, პროგნოზების თანახმად, ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და ვერ მოხვდებიან სამხარეო პარლამენტში.
ამჟამად ბრანდენბურგს მართავს სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და „მწვანეების“ კოალიცია. თუ „მწვანეები“ ვერ მოხვდებიან სამხარეო პარლამენტში, ახალი კოალიციის ფორმირების პროცესი უკიდურესად რთული იქნება, რადგან სხვა პარტიებმა კატეგორიულად გამორიცხეს ყოველგვარი თანამშრომლობა ულტრამემარჯვენეებთან.
გერმანული მედიის ცნობით, ეს არჩევნები სერიოზული გამოცდა იქნება გერმანიის მმართველი კოალიციისთვის, რომლის რეიტინგიც ამჟამად რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.