გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე – საქსონიასა და თიურინგიაში სამხარეო პარლამენტის (ლანდტაგის) წევრებს ირჩევენ.
თიურინგიაში ხმის მიცემის უფლება 1.7 მილიონ ადამიანს აქვს, საქსონიაში კი – 3.2 მილიონი ამომრჩეველია.
საარჩევნო უბნები ორივე მიწაზე ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, როგორც საქსონიაში, ასევე თიურინგიაში ხმათა უმრავლესობა, შესაძლოა, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში ის სამხარეო დონეზე უმსხვილესი პოლიტიკური ძალა გახდება.
ბოლო კვლევების მიხედვით, თიურინგიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მყარად ლიდერობდა საქსონიაში კი ბოლო კვირებში ოპოზიციურ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ უწევდა პირველობისთვის ბრძოლა.
მნიშვნელოვან შედეგს ელოდება ასევე მემარცხენე პოპულისტური, ახლად დაარსებული პარტია „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“, რომელიც, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მსგავსად, მიგრაციის მკვეთრ შეზღუდვას, უკრაინისთვის დახმარების შემცირებას და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას უჭერს მხარს.
ამასთან ერთად, გამოკითხვები მიუთითებს, რომ გერმანიის მოქმედი მმართველი კოალიციის პარტიები ამომრჩეველთა მხარდაჭერას კარგავენ.
„თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ და „კავშირი 90“/„მწვანეები“, შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხვდნენ ლანდტაგში.
როგორც მედია წერს, ცენტრისტულ ძალებს შორის შედარებით უკეთ გამოიყურება „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, მაგრამ მასაც სამხარეო მთავრობების ფორმირებისთვის პარტნიორები დასჭირდება.
ცნობისთვის, გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო დაცვის სამსახურმა პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ორივე სამხარეო განყოფილება ექსტრემისტულად გამოაცხადა და ამ პარტიასთან პარტნიორობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს.
ასეთ ვითარებაში ექსპერტები ორივე მიწაზე კოალიციების ფორმირების რთულ პროცესს პროგნოზირებენ.