გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით, კრეფელდის ზოოპარკში გაჩენილ ხანძარს ზოოპარკის ბინადარი ყველა მაიმუნი ემსხვერპლა. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ცეცხლი მაიმუნების ვოლიერში გაჩნდა. სტიქიამ 30-ზე მეტი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი შეიწირა.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ახალი წლის ღამეს ცაში გაშვებულ ე.წ. ჩინურ ფარნებს მოიაზრებენ. თვითმხილველთა განცხადებით, ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე მათ ზოოპარკის ტერიტორიაზე საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე გადაადგილებადი ფარნები შენიშნეს.
აღსანიშნავია, რომ ცეცხლმოკიდებული ფარნების გაშვება დასავლეთ ვესტფალიაში კანონით არის აკრძალული და 1000 ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზის გასაჯაროების შემდეგ, პოლიციაში 60 წლის ქალი და მისი ორი შვილი გამოცხადდნენ, რომელთა თქმითაც, ცაში ფარნები სწორედ მათ გაუშვეს.