გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 43 წლის ქალია, რომლის ცხედარიც მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ასევე სტიქიას ემსხვერპლა 42 წლის მოხალისე მაშველი. კიდევ ორი დაღუპული ცხედარი ნაპოვნია ქალაქ შორნდორფში, დატბორილი სახლის სარდაფში.
როგორც ბავარიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის გამო სიტუაცია კვლავაც კრიტიკული და დაძაბულია. ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ იკლო, თუმცა სხვა დასახლებები ისევ დატბორილია, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. რამდენიმე დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. წყალდიდობის გამო გერმანიის რკინიგზამ ქვეყნის სამხრეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა.
გერმანიის მედია სტიქიას „საუკუნის წყალდიდობას“ უწოდებს. ადგილობრივი მთავრობა რეგიონებისთვის მიყენებულ უზარმაზარ ფინანსურ ზარალზე საუბრობს და ფედერალურ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში დღეს ჩავიდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი. შოლცმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონაში მყოფ მოქალაქეებს ეხმარებიან.
გერმანული მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სტიქიის გამო ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი გერმანიის სამხრეთში კიდევ ორი დღე გაგრძელდება, რის გამოც წყალდიდობის საფრთხე ისევ არსებობს.