გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, ორი ადამიანი დაიღუპა ბელგიაში
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, ორი ადამიანი დაიღუპა ბელგიაში

დასავლეთ გერმანიაში ძლიერი შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისას დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, კიდევ ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. დაღუპულთა შორის ორი მეხანძრეა.

სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა ბონის სამხრეთით მდებარე არვაილერის რაიონი, სადაც მდინარე არი ნაპირებიდან გადმოვიდა და სახლები დაანგრია.

არვაილერის რაიონში მაშველები 70 ადამიანს ეძებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილის ევაკუაცია დატბორილი სახლების სახურავებიდან პოლიციის ვერტმფრენებით ხორციელდება. სტიქიის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, შეჩერდა ხომალდების გადაადგილება მდინარე რაინზე. მეხანძრეები და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობაა ბელგიაშიც, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულია. დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ბელგიის ლიეჟის პროვინციაში მოსალოდნელია მდინარე მაასის ადიდება, რის გამოც გამოცხადებულია წყალდიოდბის საფრთხე. ბელგიის სამხრეთ ნაწილში სტიქიის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.