გერმანიაში უკრაინის ელჩი - უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხება არის მიზეზი, რის გამოც კონტრშეტევის ტემპი მოლოდინს არ ამართლებს
უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხებები არის მიზეზი, რის გამოც შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი კონტრშეტევა ტემპის თვალსაზრისით მოლოდინს არ ამართლებს. ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ალექსეი მაკეევმა განაცხადა.
ელჩის თქმით, სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან ყოყმანი არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რა სირთულეებს აწყდება უკრაინა კონტრშეტევისას.
„რუსეთს ჰქონდა დრო ბარიკადების დასადგმელად“, – განაცხადა მაკეევმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას და აღჭურვას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. მისივე თქმით, ჯარი ახლა სრულად არის აღჭურვილი დასავლური იარაღითა და საბრძოლო მასალებით.
მაკეევმა ასევე ახსენა დებატები გერმანიაში ქვეითი საბრძოლო მანქანების და საზენიტო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის აწარმოებს „ძალიან პრაგმატულ და არსებით მოლაპარაკებებს“ გერმანიის მთავრობასთან შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების მიწოდების თაობაზე.
გარდა ამისა, დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ აკონტროლებს ცას თავის ტერიტორიაზე, რის გამოც მისთვის ასე მნიშვნელოვანია F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება.