გერმანიაში უკრაინის ელჩი - ოლაფ შოლცმა შესაძლოა, დრო გააჭიანუროს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება არ მიაწოდოს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შესაძლოა, დრო გააჭიანუროს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება არ მიაწოდოს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა ადგილობრივ გამოცემა RND-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „რამშტაინის” ავიაბაზაზე ნატო-ს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება უკრაინული სახელმწიფოსთვის 50 ერთეული „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიწოდების თაობაზე, თუმცა, საბრძოლო მასალების უკმარისობის გამო, მათი გადაცემა ჯერ არ მომხდარა.
„გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კანცლერს ამის გაკეთება არ სურს. გადაცემული იქნა მხოლოდ შვიდი ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, მაგრამ არა „გეპარდები“, „ლეოპარდები“ და „მარდერები“. ყველა მათგანი უკვე გამოყვანილია ექსპლუატაციიდან და შესაძლებელია, გადმოგვცეს სამხედრო ინდუსტრიამ გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობების დაზიანების გარეშე“, – განაცხადა მელნიკმა.
ელჩის თქმით, სლოვენიის მიერ უკრაინაში T-72-ის ტიპის ტანკების გადაცემა დაბლოკილია იმის გამო, რომ ოფიციალური ბერლინი ამ ქვეყანას სათანადო შემცვლელს არ აძლევს.
„როგორც ჩანს, მოსალოდნელია ცეცხლის შეწყვეტა. მაშინ გაქრება ზეწოლა გერმანიიდან და თამამი გადაწყვეტილებები საჭირო აღარ იქნება. ეს არის მზაკვრული ლოგიკა, რომელიც ძირს უთხრის ხალხს“, – განაცხადა მელნიკმა.