გერმანიაში უკრაინის ელჩი - ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა.
როგორც პრესა აღნიშნავს, გერმანული გამონათქვამი – beleidigte Leberwurst, უსაფუძვლოდ განაწყენებულად თავის წარმოჩენას გულისხმობს.
„გაბრაზებულ ძეხვად“ პოზირება არც ისე სახელმწიფოებრივად ჟღერს. ეს არის ყველაზე სასტიკი გამანადგურებელი ომი უკრაინაში ნაცისტების შემოჭრის შემდეგ, ეს არ არის საბავშვო ბაღი“, – თქვა უკრაინელმა დიპლომატმა.
ოლაფ შოლცმა მანამდე აღიარა, რომ არ სურდა კიევში წასვლა, ვიდრე იქ პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არ ჩავა.
ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა 3 მაისს ორდღიან დახურულ შეხვედრაზე იკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის ომი და მისი შედეგები.
აპრილის შუა რიცხვებში შტაინმაიერის ვიზიტი ჩაიშალა, რადგან უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო.