გერმანიაში უკრაინის ელჩი ამბობს, რომ ოლაფ შოლცისთვის ბოდიშის მოხდა სურს, რადგან მას „გაბრაზებული ძეხვი“ უწოდა
გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი ამბობს, რომ კანცლერ ოლაფ შოლცისთვის ბოდიშის მოხდა სურს იმის გამო, რომ მას „გაბრაზებული ძეხვი“ უწოდა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ წერს.
„ეს არის განცხადება, რომლის გამოც მე, რა თქმა უნდა, ვწუხვარ. პირადად მოვიხდი მის წინაშე ბოდიშს“,- განაცხადა ელჩმა.
ელჩის თქმით, მისი განცხადება იყო დიპლომატიურად მიუღებელი და მრავალი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი, არა მხოლოდ გერმანიაში.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ანდრეი მელნიკმა გააკრიტიკა შოლცი კიევში ვიზიტზე უარის გამო და მას „გაბრაზებული ძეხვი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტით გასულ კვირას საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.