გერმანიაში უკრაინის ელჩი - 100 დღის განმავლობაში გერმანიიდან უკრაინაში მძიმე ტექნიკის არც ერთი ერთეული არ ჩასულა
გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ ომში უპირველეს ამოცანას რუსეთის მიერ ბოლო 100 დღის განმავლობაში დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიპლომატმა გერმანული ტელეკომპანიის ZDF-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ყირიმზე. ეს გასაგებია“, – განაცხადა ელჩმა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა, იყო რეალისტი.
ანდრეი მელნიკის თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს უპირატესობა ბრძოლის ველზე, ამიტომ უპირველესი ამოცანაა, რუსეთის მიერ ბოლო 100 დღის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
უკრაინის ელჩმა ასევე მიმართა გერმანიის მთავრობას და კიდევ ერთხელ მოუწოდა დაპირებული იარაღის მალე მიწოდებისკენ. ელჩი მიესალმა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ.
„თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, 100 დღის განმავლობაში უკრაინაში გერმანიიდან მძიმე ტექნიკის არც ერთი ერთეული არ ჩასულა“, – განაცხადა ელჩმა და ვარაუდი გამოთქვა, რომ გერმანიის მიერ დაპირებული პირველი შეიარაღება უკრაინაში მხოლოდ ივნისის ბოლოსთვის ჩავა.