გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი დააკავეს
გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ ფლენსბურგის პროკურატურაში განაცხადეს, დაკავებული ახალგაზრდა ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ არსებობს დაკავებულის რადიკალიზაციის მტკიცებულებები.
ახალგაზრდა გასულ კვირას ქალაქ ელმსჰორნში დააკავეს. ის ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება.
გამოძიება ეჭვმიტანილის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ის თავდასხმისას დიდი ზომის მანქანის გამოყენებას გეგმავდა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანით განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაშავდა.