გერმანიაში რვასაათიანი სამუშაო დღის გაუქმება სურთ.
როგორც გერმანიის მთავრობასთან მოქმედი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ შმიდტი ამბობს, რვასაათიანი სამუშაო დღე უკვე მოძველდა და უფრო მოქნილ გრაფიკზე გადასვლაა საჭირო.
„კომპანიებს, რომლებსაც სურთ გადარჩენა ახალი, ციფრული ტექნოლოგიებით აღსავსე სამყაროში, უფრო მეტი მანევრირების საშუალება უნდა ჰქონდეთ. მათ უნდა ჰქონდეთ გუნდის უფრო სწრაფად შეკრების უნარი. გაგება, რომ სამუშაო დღე იწყება დილით ოფისში და დღის ბოლოს ოფისიდან გასვლის შემდეგ მთავრდება, მოძველებულია“, – ამბობს შმიდტი.
მისივე თქმით, მოქნილი სამუშაო გრაფიკის შემოღება არ უნდა ხდებოდეს თანამშრომელთა სამუშაო საათების ფარული ზრდის ხარჯზე.
„დამსაქმებლებს სამუშაო საათების გაზრდა სურთ, თუმცა მოქნილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო საათები და დღეები უკეთ უნდა იყოს განაწილებული დასაქმებულებს შორის“, – აცხადებს გერმანიის მთავრობის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
გერმანიაში სამუშაო საათების შემცირების საკითხი ახალი მთავრობის ფორმირების პროცესშიც განიხილება. მთავრობასთან მოქმედი ეკონომიკის ექსპერტთა საბჭო შესაბამისი რეფორმის რეკომენდაციით გერმანიის კანცლერს მიმართავს.