გერმანიაში, ქალაქ ლიუბეკის ციხეში პატიმარმა ფსიქოლოგი მძევლად აიყვანა
გერმანიაში, ქალაქ ლიუბეკის ციხეში პატიმარმა ფსიქოლოგი მძევლად აიყვანა

გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ლიუბეკის ციხეში ერთ-ერთმა პატიმარმა მძევლად ქალი ფსიქოლოგი აიყვანა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გერმანიის პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფების მებრძოლებმა სპეცოპერაციის შედეგად ქალი უვნებლად გაათავისუფლეს, ბოროტმოქმედმა კი მსუბუქი ტრავმა მიიღო.

ეს ლიუბეკის ციხეში მომხდარი პირველი მსგავსი ინციდენტი არ არის. 2014 წლის შობა დღეს ოთხმა პატიმარმა ერთ-ერთი ბადრაგი აიყვანა მძევლად და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორი წლის წინ ოთხივე მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმდა.

1997 წლის ივლისში კი ამავე ციხეში პატიმარმა სოციალური მუშაკი აიყვანა მძევლად. პოლიციამ მისი დაკავება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც მსჯავრდებული მძევალთან ერთად ციხის ტერიტორიის დატოვებას ავტომობილით ცდილობდა. მოგვიანებით, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.