გერმანიაში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის გატაცებას გეგმავდნენ
გერმანიაში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის გატაცებას გეგმავდნენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს.
როგორც ქალაქ კობლენცის პროკურატურაში აღნიშნეს, ეჭვმიტანილები დაკავშირებულები არიან ჯგუფებთან, რომლებიც კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებდნენ, ასევე ულტრამემარჯვენე მოძრაობა Reichsbuerger-თან, რომელიც გერმანიის თანამედროვე სახელმწიფოს არსებობას უარყოფს.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები ჯანდაცვის მინისტრის გატაცების გარდა, გეგმავდნენ დივერსიულ აქტებს მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზნით. ეჭვმიტანილებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ ჩატ-ჯგუფის საშუალებით, რომლის სახელწოდება იყო „გაერთიანებული პატრიოტები“.
პროკურატურის განცხადებით, ისინი გეგმავდნენ შეექმნათ სამოქალაქო ომის მსგავსი პირობები და შედეგად დაემხოთ გერმანიაში დემოკრატიული სისტემა.
პოლიციამ გერმანიის რამდენიმე რეგიონში 20 მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა, ამოღებულია იარაღი, საბრძოლო მასალები, ნაღდი ფული, ასევე ოქრო. პროკურატურის ცნობით, ასევე აღმოჩენილია კოვიდტესტებისა და ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატები. პროკურატურამ სასამართლოს ოთხი ეჭვმიტანილის დაკავების ორდერისთვის მიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქმეში ფიგურირებს მეხუთე ეჭვმიტანილიც, რომელიც არ არის დაკავებული. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, მისი გატაცების წარუმატებელი გეგმა აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს ქვეყანაში ვითარებისა და დემოკრატიული სისტემის დესტაბილიზაციისთვის იყენებდნენ.
„ეს არის ჩვენი საზოგადოების პატარა უმცირესობა, თუმცა ისინი ძალიან საშიში არიან. ეს აჩვენებს, რომ ხდებოდა არა მხოლოდ კოვიდპროტესტების რადიკალიზება, არამედ საუბარია უფრო მეტზე, ვიდრე მხოლოდ კოვიდზე“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დეკემბერში პოლიციამ გამოავლინა ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აქტივისტების შეთქმულება, რომლის მიზანი იყო საქსონიის პრემიერის მკვლელობა.