გერმანიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
ინციდენტი ბავარიის მხარეში, ქალაქ ინგოლშტადტთან ახლოს მოხდა. აფეთქებისა და ხანძრის გამო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან 1800 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ცეცხლის ჩასაქრობად ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლება გამონაბოლქვისგან გამოწვეული საფრთხის გამო, მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ახლომდებარე ტერიტორია გადაკეტილია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.