გერმანიაში მუსიკალური ფესტივალის დროს პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგთან მუსიკალური ფესტივალის დროს პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა კვამლის გამო შეუძლოდ გახდა. ამასთან, გერმანიის „წითელი ჯვრის“ ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია. დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია. მოგვიანებით პოლიციაში განმარტეს, რომ ოთხმა პირმა დამწვრობა მიიღო, ერთი კი ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.
სამაშველო ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ვერტმფრენი გამოიყენეს.
პანორამულ ბორბალს ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე გაუჩნდა ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.