გერმანიაში კარანტინი შესაძლოა, კიდევ რვა ან ათი კვირით გაგრძელდეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კარანტის გახანგრძლივების თაობაზე სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა აღდგომის დღესასწაულისთვის 10-ჯერ გაიზრდება, თუ ქვეყანა ვირუსის გავრცელებას არ შეამცირებს.
„ჩვენ მკაცრი ზომები რვიდან ათ კვირამდე ისევ გვჭირდება“, – შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, ამის შესახებ ანგელა მერკელმა განაცხადა.
გერმანიაში ამ დროისთვის მოქმედი კარანტინი 31 იანვრამდე რჩება ძალაში. შეზღუდვების ფარგლებში, დახურულია სკოლები, არაპირველადი საჭიროების მაღაზიები და დაწესებულებები.
ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 27 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 630 000 ადამიანს გაუკეთდა. „მოდერნას“ ვაქცინის პირველი ნაკადი აშშ-დან გერმანიაში დღეს ჩაიტანეს.
„გარდიანი“ წერს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი, ბრიტანული შტამის გავრცელების გამო შეშფოთებულები არიან.