გერმანიაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს სამი პირი, რომლებიც სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან
უცხოური დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მაინის ფრანკფურტში დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის მოქალაქე რობერტ ა., სომხეთის მოქალაქე ვარდგეს ი. და რუსეთის მოქალაქე არმან ს. ბრალდებული არიან გერმანიაში „უკრაინიდან ჩასული პირის“ შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
„ამ მიზნით, 2024 წლის 19 ივნისს ისინი ეწვივნენ კაფეს მაინის ფრანკფურტში, სადაც, სავარაუდოდ, მათი სამიზნე პირი უნდა ყოფილიყო“, – ნათქვამია მოხსენებაში.
სამი ეჭვმიტანილი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, მოსამართლემ მათი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საქმის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.