გერმანიაში ე.წ. დარქნეტის ერთ-ერთი პლატფორმის სამი სავარაუდო ადმინისტრატორი დააკავეს
ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოძიების შედეგად, გერმანიაში ე.წ. დარქნეტის ერთ-ერთი პლატფორმის სამი სავარაუდო ადმინისტრატორი დააკავეს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, უკანონო სავაჭრო ინტერნეტპლატფორმას მილიონზე მეტი მომხმარებელი და 4 500 გამყიდველი ჰყავდა. „უოლ სტრიტ მარკეტის“ სახელით ცნობილ სივრცეში ნარკოტიკული ნივთიერებები, ინტერნეტ-მომხმარებლების პირადი მონაცემები და ყალბი დოკუმენტები იყიდებოდა.
გერმანული ტელერადიოკომპანიის ცნობით, ეჭვმიტანილები აპრილის ბოლოს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გასაჯაროვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილების სახლების დათვალიერების დროს სამართალდამცველებმა კომპიუტერები ამოიღეს, საიდანაც სავარაუდო ადმინისტრატორები ინტერნეტ პლატფორმას მართავდნენ. ამასთან ერთად, ეჭვმიტანილების სახოვრებელში პოლიციამ 550 000 ევროს ოდენობის ნაღდ ფულს, ძვირადღირებულ ავტომობილებსა და ცეცხლსასროლ იარაღს მიაგნო. მათ მფოლბელობაში იყო დიდი ოდენობით კრიპტოვალუტაც.
გერმანიის პარალელურად დაკავებები განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც „უოლ სტრიტ მარკეტის“ ორი სავარაუდო გამყიდველი დააკავეს. ისინი უკანონო პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო მასშტაბით ნარკოტიკულ ნივთიერებებს ყიდიდნენ.
საერთაშორისო გამოძიებაში გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ნიდერლანდებიც იყო ჩართული.
ე.წ. დარქნეტი ინტერნეტსივრცეში არსებული უკანონო არაკონტროლირებადი პლატფორმაა, რომელიც „გუგლის“ ტიპის ჩვეულებრივ საძიებო სისტემებში არ იძებნება.