გერმანიაში დაკავებული ტუნისის მოქალაქე ტერაქტს ბიოლოგიური ბომბით გეგმავდა
კიოლნში დაკავებული ტუნისის მოქალაქე, ბიოლოგიური ბომბით ტერაქტს გეგმავდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ფედერალური სააგენტოს (BKA) ხელმძღვანელმა ჰოლგერ მიუნხმა განაცხადა.
მისი თქმით, კიოლნში, ტუნისელის ბინაში აღმოაჩინეს ძლიერი შხამის – რიცინის შემცველი ნივთიერება, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი კომპონენტები.
„ინტერნეტში არსებობს შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის ისლამისტური ორგანიზაციების მიერ გავრცელებული“, – აღნიშნა მიუნხმა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა ბომბის კომპონენტები ინტერნეტით შეუკვეთა, რის შესახებაც გერმანიის უსაფრთხოების სამსახურს უცხოელმა პარტნიორებმა შეატყობინეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის სამიზნე.
გერმანიის სასამართლომ ტუნისის 29 წლის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის გერმანიაში 2016 წლის ნოემბერში ჩავიდა.