გერმანიაში აშშ-ის ელჩმა ჰაიკო მაასი „ღია ცის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა
აშშ-ის ელჩმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ღია ცის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით გააკრიტიკა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიაში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ გრენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიმართ ჩივილის ნაცვლად, ჰაიკო მაასს მოსკოვზე უნდა მოეხდინა გავლენა.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა წუხილი გამოთქვა აშშ-ის გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც „ღია ცის შეთანხმების“ დატოვება სურს.
„იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის რეაქციაზე დაეჩივლა, ჰაიკო მაასს ბოლო წლებში რუსეთზე გავლენა უნდა გაეძლიერებინა, რათა მას საკუთარი ვალდებულება შეესრულებინა“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა გამოცემა „რაინიშე პოსტთან“ ინტერვიუში, რომელიც 24 მაისს გამოქვეყნდება.
რიჩარდ გრენელის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას არ იცავს და ზუსტად რუსეთის ქმედებები გახდა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი ზღუდავს ფრენებს მოსკოვისა და ჩეჩნეთის თავზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მახლობლად და კალინინგრადის საჰაერო სივრცეში მონიტორინგს ართულებს.