გერმანიაში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქება მოხდა, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
გერმანიის ქალაქ ტროისდორფში მდებარე Diehl Defence-ის ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება.
დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია სასწრაფო დახმარების ექიმმა, შემდეგ კი ისინი ვერტმფრენით უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად ქარხნის შენობა დაზიანდა, ამიტომ საგანგებო სამსახურებმა შიგნით შესვლა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, გაზაფხულზე Diehl-ის ერთ-ერთ ქარხანაში, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. შედეგად, შენობის პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა, ზარალმა მილიონობით დოლარი შეადგინა. მაშინ გერმანული პრესა წერდა „რუსულ კვალზე“, თუმცა გამოძიებამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.