გერმანიამ საქართველოს გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“ შეიმუშავა და ქვეყანას 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა.
აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება.
kFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება,იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.
დღესვე, ფინანსთა მინისტრმა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება.
ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.