გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის სამი დიპლომატი გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს.
როგორც გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო უწყებებში განაცხადეს, ეს გახლავთ ამ ქვეყნების საპასუხო ნაბიჯი, რომელიც მათ კრემლის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ გადადგეს.
შეგახსენებთ, რომ კრემლმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად მაშინ გამოაცხადა, როდესაც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი. მოსკოვში განმარტეს, რომ გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები ანტისამთავრობო აქციებზე დასწრების გამო გააძევეს.