გერმანიამ ავღანეთში მსჯავრდადებული მიგრანტების დეპორტაცია განაახლა.
გერმანული მედიის ცნობით, კატარის შუამავლობით რამდენიმეთვიანი საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, პირველი სადეპორტაციო რეისი ქაბულის მიმართულებით ლაიპციგიდან დღეს შესრულდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, აღნიშნული რეისით სისხლის სამართლის 28 დამნაშავის დეპორტაცია მოხდა. თითოეულ დეპორტირებულს გერმანიის ხელისუფლებამ ათასი ევრო გადაუხადა
„ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ განვახორციელებდით ამ ადამიანების დეპორტაციას უკან, ავღანეთში. ჩვენ ეს გულდასმით მოვამზადეთ ამაზე ბევრი საუბრის გარეშე, რადგან ასეთი გეგმები წარმატებულად ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ძალისხმევას მიმართავ და ამას გულდასმით და სიფრთხილით გააკეთებ. ეს განხორციელდა დღეს. შესაბამისად, მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამას ხელი შეუწყო. ეს არის მკაფიო ნიშანი, რომ იმას, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი დეპორტაცია არ მოხდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
2021 წელს ქვეყნის სათავეში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ გერმანიას ავღანეთში დეპორტაცია შეჩერებული ჰქონდა.
საიმიგრაციო წესების გამკაცრების გადაწყვეტილება გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ ბოლო პერიოდში მომხდარი თავდასხმების შემდგომ მიიღო.
23 აგვისტოს ქალაქ ზოლინგენში, მუსიკალურ ფესტივალზე დანით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. თავდასხმაში სირიელი მამაკაცია ეჭვმიტანილი. მანამდე, ივნისში ქალაქ მანჰაიმში ავღანელმა მამაკაცმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი.