გერმანიის მთავრობა თურქეთში იარაღის ექსპორტს კრძალავს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
როგორც ცნობილია, ევროპულ ქვეყანაში აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის გამო მიიღეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გერმანიიდან ექსპორტირებული იარაღი შესაძლოა, სირიის ჩრდილოეთში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენონ.
ამასთან ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ 2016 წლის შემდეგ ანკარაში იარაღს ექსპორტისთვის რიგი შეზღუდვები დააწესა, რაც თურქეთის მიერ სირიაში, აფრინის რეგიონში ჩატარებულ ოპერაციას უკავშირდებოდა. ახლა კი, ანკარის მიერ დაწყებული ოპერაციის გამო გერმანიის ხელისუფლება იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით მომავალში ნებართვას აღარ გასცემს.
სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო. როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, სამხედრო ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.