გერმანია საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას აპირებს
გერმანია საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას აპირებს, რათა თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების დამუშავების პროცესი დაჩქარდეს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, შტეფან მეიერმა განაცხადა, საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მაღალია, თუმცა დადებით გადაწყვეტილებას მათგან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იღებს.
„საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარება სავსებით მისაღებად მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა ამას უპირობოდ უჭერს მხარს“, – აღნიშნა მეიერმა.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 3462-მა, ხოლო სომხეთის 3857 მოქალაქემ მოითხოვა.
2018 წლის დასაწყისში სამთავრობო კოალიციის შექმნამდე, მოლაპარაკებების მონაწილე პარტიები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ალჟირი, მაროკო და ტუნისი შეიყვანონ. გერმანიის მთავრობას საშუალება ექნება, უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაცია გამარტივებული დაჩქარებული პროცედურით განახორციელოს.
2014 წლის სექტემბერში გერმანიამ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში სერბეთი, მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიყვანა. მოგვიანებით აღნიშნულ სიას ალბანეთი, კოსოვო და მონტენეგრო დაემატნენ.