გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ
გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ. ერთობლივი განცხადება ანგელა მერკელმა, ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გაავრცელეს.
„ცხადია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია. სხვა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება არ არსებობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე გამოძიებას, რომელიც დეტალებს დაადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპელი ლიდერების თქმით, მოვიდა დრო, რომ ირანი დათანხმდეს ბირთვულ პროგრამასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გრძელვადიან ჩარჩო-შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებას.
„ეს შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის სარაკეტო პროგრამას და სხვა საკითხებს“, – წერია საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ 2015 წლის ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს მოხდა. დრონებით მოწყობილი იერიშის შემდეგ ერ-რიადი იძულებული გახდა, ნავთობის მოპოვება გაენახევრებინა. აშშ და საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ, რასაც თეირანში უარყოფენ.