გერმანია მოუწოდებს ბელარუსის პრეზიდენტს, განმარტოს, რა მოუვიდა ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას
გერმანია მოუწოდებს ბელარუსის პრეზიდენტს, განმარტოს, რა მოუვიდა ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა გააკეთა.
შეგახსენებთ, ბელარუსული მედიის ცნობით, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა დღეს დილით გაუჩინარდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უცნობმა პირებმა მიკროავტობუსით გაიტაცეს.
„ჩვენ მოვითხოვთ მკაფიო განმარტებას, რა მოუვიდა კოლესნიკოვას და ასევე მოვითხოვთ, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მინსკში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იმის მანიშნებელია, რომ ხალხი პოლიტიკისა და მართვის სტილის შეცვლას ითხოვს.
„თუ ლუკაშენკო კურსს არ შეცვლის, ჩვენ ევროკავშირში რეაქცია გვექნება“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი 31 ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. თავად ლუკაშენკო „შავ სიაში“ ჯერ არ მოხვდა. სასანქციო სიის გამოქვეყნებას ევროკავშირის 21 სექტემბრამდე აპირებს.