გერმანია მოქალაქეებს ბიოლოგიური იარაღით ტერორისტული თავდასხმების საშიშროების შესახებ აფრთხილებს
გერმანიის ფედერალური პროკურორი მოქალაქეებს ბიოლოგიური იარაღით ტერორისტული თავდასხმების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. როგორც პიტერ ფრანცმა ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, ექსტრემისტები ევროპაში თავდასხმის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მათ შორის კი ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაც შედის.
პროკურორის თქმით, გერმანიის უსაფრთხოების ძალები და სამართალდამცავი ორგანოები მსგავსი ტიპის თავდასხმებს უკვე დიდი ხანი სწავლობენ. როგორც პიტერ ფრანცმა აღნიშნა, ტერორისტები აღნიშნულ საკითხს „საკმაოდ შემოქმედებითად“ უდგებიან და ცდილობენ ყველანაირი სცენარი შეისწავლონ. ასეთი თავდასხმისთვის კი ქვეყანა წინასწარ მზად უნდა იყოს.
რამდენიმე დღის წინ გერმანელმა სამართალდამცველებმა ტუნისის მოქალაქის, ზიფ ალაჰის დაკავების ბრძანება გასცეს. კიოლნში მისი სახლის ჩხრეკვის დროს პოლიციამ 84 მილიგრამი ძლიერი მომწამვლელი ნივთიერება რიცინი და აბუსალათინის 3000-ზე მეტი თესლი იპოვეს. ამასთან ერთად სამართალდამცველებმა სახლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო კომპონენტებს მიაგნეს.
ფედერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული შემთხვევა მსგავსი თავდასხმების ერთ-ერთი მაგალითია. ზიფ ალაჰის სახლში ამოღებულ ნივთიერება რიცინს ექსპერტები „პოტენციურ საბრძოლო ბიოლოგიურ მომწამვლელ ნივთიერებად“ აფასებენ.