გერმანია და ჩინეთი ეკონომიკურ თანამშრომლობას აფართოებენ. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც ცნობილია, პეკინში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით სამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტები ქვეყნების ცენტრალური ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო სექტორების საკითხებში გერმანიასა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მიღწეული დოკუმენტების მიზანი ჩინეთის ბაზარზე გერმანული კომპანიების წვდომის გამარტივებაა. დოკუმენტების საფუძველზე ანალოგიურ ზომებს მიიღებს გერმანიაც.
შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ინტენსიური ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ბაზრის სტაბილურობა გარკვეული საფრთხეების წინაშე დგას. ასეთ საფრთხეებად კი გერმანელმა პოლიტიკოსმა „ბრექსითი“ და შეიარაღებული კონფლიქტები დაასახელა.