გერმანია ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციების გამკაცრებით დაემუქრა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აცხადებს, ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსის არჩევნებს და სანქციები ამიტომ დააწესა.
„თუ ლუკაშენკოს რეაქცია არ ექნება, მაშინ დავაწესებთ დამატებით სანქციებს“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, ბერლინი ელოდება, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ოპოზიციასთან მოლაპარაკებას დაიწყებს.
„ველოდები, რომ ლუკაშენკო დაიწყებს ოპოზიციასთან დიალოგს, რომ არჩევნები ხელახლა გაიმართება, რომ ლუკაშენკო დაუყოვნებლივ შეწყვეტს ხალხის დაკავებას და დემონსტრანტების მიმართ არასათანადო ქცევას, რომ ის დაიცავს ადამიანის უფლებებს და პრესის თავისუფლებას“, – განაცხადა მაასმა.
ბელარუსში უკვე 28-ე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება, რომლის მონაწილეებიც არჩევნების ხელახლა გამართვას ითხოვენ. 5 სექტემბერს გამართულ დემონსტრაციებზე 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მათი დიდი ნაწილი გაათავისუფლეს.