სამართალდამცველებმა დრეზდენის მუზეუმის ძარცვის ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროეს

გერმანიის პოლიციამ გასაჯაროვა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დრეზდენის მუზეუმის გაძარცვაა ასახული. გერმანულ მედიაში მომხდარს „საუკუნის ძარცვა“ უწოდეს, რადგან წაღებულია მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა.

ბოროტმოქმედებმა მოიპარეს ძვირფასი ქვებისგან, კერძოდ, ბრილიანტებისგან, საფირონებისგან, ზურმუხტებისგან შემდგარი სამი ნაკრები. თითოეულ ნაკრებში 37 ნივთი იყო.

პოლიციის მიერ სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შედის ჩაბნელებულ დარბაზში ფარნებით ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი ცულით არის შეიარაღებული, ის ვიტრინას ამსხვრევს, რის შემდეგაც მძარცველები ძვირფასეულობას იღებენ.

მართალია, ვიდეოში მხოლოდ ორი მძარცველი ჩანს, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმეში მეტი პირი ფიგურირებს. დამნაშავეებმა მუზეუმში ფანჯრიდან შეაღწიეს, ტერიტორია კი „აუდის“ მარკის ავტომობილით დატოვეს. მოგვიანებით, პოლიციამ მანქანა მუზეუმიდან რამდენიმე კილომეტრში დამწვარი იპოვა.

მოპარული ძვირფასეულობა ფასდაუდებელია, თუმცა გამოცემა „ბილდის” ინფორმაციით, წაღებული ნივთების ღირებულება შესაძლოა, მილიარდ ევროს აღწევდეს.

„მწვანე საცავის“ სახელით ცნობილ მუზეუმში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექცია ინახება. ის მე-18 საუკუნეში საქსონიის კურფიურსტმა, ავგუსტ ძლიერმა შექმნა. მეორე მსოფლიო ომის დროს, საგანძური დაბომბვას გადაურჩა. ის სამხედრო ნადავლის სახით საბჭოთა კავშირმა წაიღო. საგანძური დრეზდენში 1958 წელს დაბრუნდა.