გერმანელი პროკურორი, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მუშაობს, „ბიბისის“ ფილმში აცხადებს, რომ საქმით ბრიტანეთის საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს
გერმანელი პროკურორი ნინო გოლდბექი, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მუშაობს, „ბიბისის“ ფილმში აცხადებს, რომ საქმით ბრიტანეთის საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.
პროკურორის თქმით, ბრიტანეთის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს პასუხისმგებლობაა, საქმეს სამართლებრივი პერსპექტივიდან შეხედოს.
„უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ არ შეგვიძლია, გადავარჩინოთ მსოფლიო. უკვე ისედაც ძალიან რთულია, გადავარჩინოთ გერმანიის ბაზარი. როგორც ვიცი, ბრიტანეთში უნდა იყოს გარკვეული სამართალდამცავი ორგანო. მათი მთავარი პასუხისმგებლობაა, ამას შეხედონ სამართლებრივი პერსპექტივიდან. ეს არ არის ჩვენი იურისდიქცია“, – განაცხადა გერმანელმა პროკურორმა.
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.
მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.
„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.