გერმანელი პროკურორი კეზერაშვილთან დაკავშირებულ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე - დარწმუნებული არ ვიყავით, შევძლებდით თუ არა ეჭვმიტანილის გამოვლენას, თუმცა სამი წლის შემდეგ შევძელით თაღლითობის ძალიან დიდი ქსელის გამოვლენა
თავიდან დარწმუნებული არ ვიყავით, შევძლებდით თუ არა ეჭვმიტანილის გამოვლენას, თუმცა სამი წლის შემდეგ ჩვენ უკვე ვხედავთ ათობით დაკავებულს, ჩვენ შევძელით თაღლითობის ძალიან დიდი ქსელის გამოვლენა, – ამის შესახებ გერმანელი პროკურორი ნინო გოლდბექი „ბიბისის“ ფილმში აცხადებს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მუშაობს.
როგორც პროკურორი აღნიშნავს, ისინი მუშაობენ, როგორც პროფესიონალი, კანონიერი კომპანიები და ეს არის ორგანიზებული დანაშაული.
„საუბარია წელიწადში ასობით მილიონზე. თუ გვყავს მსხვერპლი რომელიმე ერთი ნებისმიერი პლატფორმიდან და მან გადარიცხა თანხა რომელიღაც ბანკის ანგარიშზე აქ, გერმანიაში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ტრანზაქციების დოკუმენტაცია კომპანიის საბანკო ანგარიშიდან, სადაც უკვე ვხედავთ უამრავ სხვა მსხვერპლს გერმანიიდან, ავსტრიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და საფრანგეთიდან. მათ, ყველამ, ამ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხეს თანხა, თუმცა მათ ამის შესახებ სამართალდამცველებთან არ განუცხადებიათ. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევებს ვხედავთ, რომელთა შესახებაც დაზარალებულებმა განაცხადეს.
თავიდან დარწმუნებული არ ვიყავით, შევძლებდით თუ არა ეჭვმიტანილის გამოვლენას, თუმცა სამი წლის შემდეგ ჩვენ უკვე ვხედავთ ათობით დაკავებულს, ჩვენ შევძელით თაღლითობის ძალიან დიდი ქსელის გამოვლენა.
ვიცით, რომ, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის მარეგულირებელი ორგანო ამბობს, რომ თაღლითები კერძო ინვესტორთათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ, გასული წლებში ჩვენი ქმედებებისა და გამოძიების გამო, არის გარკვეული პოზიტიური ეფექტებიც, რომ ბოროტმოქმედები უფრო ფრთხილობენ და, სულ მცირე, სამიზნეს აღარ წარმოადგენს გერმანული ბაზარი, ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც ადრე. საერთო ზარალი კვლავ ძალიან დიდია, ასობით მილიონი, შესაძლოა, მილიარდებზეც იყოს საუბარი. არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ ვერ გადავარჩენთ მთელ მსოფლიოს. გერმანული ბაზრის გადარჩენა უკვე ძალიან რთული ამოცანაა. გაერთიანებულ სამეფოშიც არის სამართალდამცავი ორგანოები, მათი მთავარი პასუხისმგებლობაა სამართლებრივი პერსპექტივიდან განიხილონ, ჩვენი იურისდიქცია არაა“, – აცხადებს პროკურორი.
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.
მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.
„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.