უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არჩევნების ჩატარებისა და დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთი რაიონისთვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭების პირობებზე დავა გრძელდება. ვნებათაღელვას იწვევს ფორმულა, რომელიც გერმანიის პრეზიდენტმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შეიმუშავა.
როგორც 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი, უკრაინა ამ ფორმულის შესრულებას წერილობით დათანხმდა, რასაც კიევსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომიტინგეებმა უკრაინის ხელისუფლებას კაპიტულაციასა და დონბასის რუსეთისთვის გადაცემაში დასდეს ბრალი.
რას ითვალისწინებს „შტაინმაიერის ფორმულა“ და რატომ არის ის სადავო. საქართველოს პირველი არხი ესაუბრა ბერლინის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ გვენდოლინ სასესს.
თქვენი აზრით, რა რისკები აქვს „შტაინმაიერის ფორმულას“ უკრაინისთვის?
„ფორმულაზე“ თანხმობა შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც თანხმობა, რაღაც კონკრეტულ პირობებსა და გეგმაზე. სინამდვილეში ასე არაა. 2016 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაიერის მიერ შეთავაზებული ფორმულა იყო ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა. ფორმულაში მხოლოდ ორი კონკრეტული ნაბიჯებია ნახსენები. კერძოდ – არჩევნები, რომელიც იმ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, რომელსაც კიევი არ აკონტროლებს და ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სტატუსი. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამხედროების გაყვანა და უკრაინის საზღვრის კონტროლი, ამ დისკუსიის ნაწილი არ ყოფილა. მაშინ ეს დისკუსია შეწყდა. ახლა განახლდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ფორმულის განახლება მოხდა, შეუძლებელია. რაც შეეხება უკრაინის მხარის ხელმოწერას. ამ საკითხზეც დავობენ – ნიშნავს კი ეს ხელმოწერას? თუ ეს იყო მხოლოდ ფორმალური თანხმობა, რომ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ მსჯელობა განახლდეს. თუმცა ცხადია, აუცილებელი იყო რაიმე ნაბიჯის გადადგმა, რათა „ე.წ. ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჩატარებულიყო. ამ თანხმობის მიზანი სწორედ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ ამ ფორმატში შეხვედრა სამი წელია არ გამართულა. ამიტომ, ყველა მხარე დათანხმდა „შტაინმაიერის ფორმულაში“ გაწერილი საკითხების განხილვაზე. ამასთან „ფორმულა“ არ მოიცავს იმ თემებს, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ასეთია საზღვრის კონტროლის საკითხი. სამწუხაროდ, ამ თემაზე რუსეთისა და უკრაინის პოზიციების დაახლოებას ვერ ვხედავთ. ასე რომ, „შტაინმაიერის ფორმულა“ უბრალოდ არის მცდელობა, რომ მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
რუსეთში „შტაინმაიერის ფორმულაზე“ უკრაინის თანხმობას პოზიტიურად აფასებენ. როგორ ფიქრობთ, რეალურად შესაძლებელია „ფორმულით“ გაწერილი რაიმე პირობის შესრულება?
ომის დასრულების მცდელობისას ყოველთვისაა საფრთხე, რომ რომელიმე მხარე შეთანხმებას არ შეასრულებს. ამასთან, ჯერ შეთანხმება არც კი მომხდარა. ასე რომ, ძალიან რთულია და ნაადრევი იმის თქმა, შესრულდება თუ არა რომელიმე პირობა. ამჟამად, ვერ ვხედავ პოლიტიკურ ნებას მოსკოვში, რომ დაიწყოს უკრაინის საზღვრის კონტროლზე სერიოზულად მსჯელობა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტად ზელენსკის არჩევის და პარლამენტში მისი პარტიის უმრავლესობით მისვლის შემდეგ, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გაჩნდა. ეს მომენტი ხელიდან გასაშვები არ არის. ამავე დროს მნიშვნელოვანია, მოჰყვება თუ არა ამას კონკრეტული ნაბიჯები. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმება, ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ. თუმცა, მას შემდეგაც კი, რაც უკრაინა დათანხმდა „შტაინმაიერის ფორმულას“, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. ვხედავთ მსხვერპლს და დაჭრილებს. „ფორმულით“ განსაზღვრულ საკითხებზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში არ ველოდები.
ხომ არ ფიქრობთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება შეიძლება ბევრმა მიიღოს, როგორც სეპარატისტების აღიარება?
რას ნიშნავს ეს განსაკუთრებული სტატუსი, ჯერ გაურკვეველია. ზოგადად „განსაკუთრებული სტატუსის“ საკითხი მნიშვნელოვანი ელემენტია ომის დასრულებისა და მშვიდობის გარანტიებისთვის. მაგრამ რუსეთი ბევრს საუბრობს ფედერალიზაციაზე, ფართო ავტონომიაზე უკრაინაში და მხოლოდ დონბასს არ ეხება. ეს კიევში შეშფოთებას იწვევს. მოსკოვის ინტერპრეტაციით ეს აუცილებელია და ამის მიზეზად უკრაინის ზოგიერთ რეგიონთან განსაკუთრებულ კავშირს ასახელებს. ეს კი უკრაინისთვის შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენდეს. განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრება სხვადასხვაგვარად შეიძლება. თუმცა, ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული. 2015 წლის მინსკის შეთანხმება ძალიან ბევრ საკითხსა თუ შესაძლებლობას მოიცავს და ძალიან შორს მიდის, არა ისე, როგორც ეს მოსკოვს სურს და განმარტავს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჯერ არც ერთი საკითხის ამოქმედება არ მომხდარა. ასე რომ, როდესაც კონფლიქტის დარეგულირებაზეა საუბარი, ყოველთვის არსებობს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. უკრაინას ჯერ არ მოუწერია ხელი დოკუმენტზე, რომელიც დონბასს ამა თუ იმ სახის ავტონომიას ან უფლებებს განუსაზღვრავს.
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეიდან საქართველოში ვიზიტის იწყებს. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. როგორ ფიქრობთ, შეიძლება იყოს „ფორმულა“ საქართველოსთვისაც?
სავარაუდოდ ეს ამ ვიზიტის მთავრი თემა არ იქნება, რადგან ბატონი შტაინმაიერი აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა, ეს საინტერესო საკითხებია და რაიმე ფორმით ამ თემებზე საუბარი შედგება. მე არ ველოდები რაიმე ახალ ფორმულას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის და საქართველოს სიტუაცია ძალიან არ გავაიგივოთ. ზოგადად სხვადასხვა კონფლიქტებს ბევრი საერთო აქვთ. შეიძლება, ეს იყოს სადავო ტერიტორიების დროებითი სტატუსი. მაგრამ, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კვლავ ბუნდოვანია. ამასთან, უკრაინაში ომის ცხელი ფაზის დასრულებაზე, საზღვრის გაკონტროლებასა და ჯარების გაყვანაზე ვსაუბრობთ. საქართველოში არსებული სიტუაცია კი გვაჩვენებს, რომ ომის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც კი პრობლემა რჩება და ეს ცხადყოფს, თუ რამდენად გრძელვადიანია მსგავსი კონფლიქტები. ამის გათვალისწინებით, თუნდაც „შტაინმაიერის ფორმულაზე“ უკრაინის თანხმობის შემდეგ ან ნორმანდიული ფორმატის მორიგ რაუნდზე, არ უნდა ველოდოთ უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად გადაჭრას. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მოითხოვს პოლიტიკური პირობების შექმნას როგორც მოსკოვში, ისე თბილისსა და კიევში.
შეგახსენებთ, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, დღეს საქართევლოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.