გერმანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია „ჯერ მხოლოდ იწყება“
გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლოთარ ვილერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია ჯერ მხოლოდ იწყება.
„ჩვენ ვართ ეპიდემიის დასაწყისში და რიცხვი იზრდება“, – განაცხადა ლოთარ ვილერმა.
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზებზე საუბრისას ინსტიტუტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოხუცებულთა ინფიცირების მაჩვენებელი დიდი არ არის. თუმცა ვილერმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ ამ ეტაპზე სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეპიდემია.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 31 554 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 118 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა. სულ გარდაცვლილია 149 ადამიანი.